დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებისგან მოჭიდავის შეწყალებას ითხოვს
დონალდ ტრამპი ირანის ხელისუფლებისგან მოჭიდავის შეწყალებას ითხოვს

ირანის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრ ნავიდ აფკარის სიკვდილით დასჯა ემუქრება. განაჩენის აღსრულებამდე კი სპორტსმენს 74-ჯერ გაროზგავენ. 27 წლის მოჭიდავეს ირანის სასამართლომ უმკაცრესი სასჯელი სამი წლის წინანდელ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მიუსაჯა. ნავიდის გარდა, განაჩენი მის ორ ძმასაც გამოუცხადეს, რომლებიც იგივე ბრალდებით არიან დაპატიმრებულნი. ჰაბიბ აფკარის 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ვაჰიდ აფკარის კი – 54 წელი.

სამ ძმას სასამართლომ ოცზე მეტი ბრალდება წაუყენა. მათ შორის – ეროვნული უსაფრთხოების შერყევის მცდელობა და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის​ შეურაცხყოფა.

მომხდარს მალევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა და ირანის ხელისუფლებას უმკაცრესი ვერდიქტის შეცვლისკენ მოუწოდა.

„ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს 27 წლის მოჭიდავე, ნავიდ აფკარი, რომლის ბრალი მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ქუჩაში ანტისამთავრობო აქციებში იღებდა მონაწილეობას. მაშინ ქუჩაში გამოსული ხალხი ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებითა და ინფლაციით იყვნენ უკმაყოფილონი. მივმართავ ირანის ლიდერებს: თუკი ამ ვერდიქტს გააუქმებთ და ამ ახალგაზრდა კაცს სიცოცხლეს შეუნარჩუნებთ, ეს ჩემს მიერ შესაბამისად იქნება დაფასებული. წინასწარ მადლობას გიხდით!” – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.