საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება
საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დღეიდან კვლავ დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დღეს, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.
ამასთან, ეთერში ბრუნდება „ტელესკოლის“ გაკვეთილებიც.
„საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის – „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 09:00 საათიდან განახლდება“, – აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.