სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრაციის პროცედურა მიმდინარეობს, ხოლო ხმის მიცემა 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. არჩევნების შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი ლევან ჯანაშია და დავით ასათიანა რეგისტრირებული, თუმცა ჯანაშიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორც მან პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, ეორე ტურში მონაწილეობას არ იღებს, რადგან 9 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები გასაჩივრებული აქვს.
„არჩევნები გაყალბდა და პირველი ტურის შედეგები გავასაჩივრე სასამართლოში. სარჩელით ვითხოვ შედეგების ბათილად ცნობას. განხილვა 2018 წლის 6 მარტს არის ჩანიშნული. დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის, ინგა ბერიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, ლევან ჯანაშია რეგისტრირებულ კანდიდატად ითვლება. როგორც ბერიძე ამბობს, შესაბამისად, ადვოკატებს დღეს არჩევანის გაკეთება დავით ასათიანსა და ლევან ჯანაშიას შორის მოუწევთ, რომლებიც მეორე ტურის რეგისტრირებული კანდიდატები არიან.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 9 დეკემბერს ჩატარდა. მეორე ტურის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ერთ-ერთი კანდიდატის დავით ასათიანის მხარდამჭერებმა კომისიის რამდენიმე წევრი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.
მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა, დავით ასათიანმა 1 129 ხმა მიიღო, ლევან ჯანაშიამ – 635.