ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს 
ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის მონაწილე ლევან ჯანაშია არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებს. მისი თქმით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოში იდავებს.

„იგივე პოზიციაზე ვარ. დღევანდელი არჩევნების შედეგებს ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ არალეგიტიმურად ჩატარდა ეს არჩევნები. არაუფლებამოსილმა ორგანომ რომ გამოაცხადა შედეგები, მაგას საერთოდ თავი რომ დავანებოთ, პირველი ტური ბათილია, იმ გაყალბებიდან გამომდინარე, რაზეც მქონდა საუბარი საკმაოდ ხშირად. ამიტომ, ახლა რა შედეგს და ვინ გამოაცხადებს, ჩემი აზრით, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. 6 მარტსაა დანიშნული სასამართლო განხილვა“, – განუცხადა პირველ არხს ლევან ჯანაშიამ.

იქამდე, ჯანაშიამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ შეეჩერებინა ადვოკატთა ასოციაციის მეორე ტური, სანამ სასამართლოს არსებითი განხილვა მოხდებოდა, რაზეც მას უარი ეთქვა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში დარეგისტრირდა 1022 ამომრჩეველი, მონაწილეობა მიიღო 953-მა, აქედან 922 ხმა მიიღო დავით ასათიანმა, ლევან ჯანაშიამ კი – 23 ხმა. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანმა გაიმარჯვა.