მაროკოს ქალაქ მარაკეშში დასრულდა დევისის თასის ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფის მატჩი მაროკოსა და საქართველოს ნაკრებებს შორის. მასპინძელთა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა და მეორე რაუნდში გადავიდა, საქართველოს კი პლეი ოფში თამაში მოუწევს მეორე ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად.
შაბათს გამართული ერთეულთა ორი მატჩის შემდეგ, მაროკო წინ იყო – 2:0. კვირას, პირველი მატჩი წყვილებს შორის ჩატარდა – ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილმა სამ სეტში მოუგო ამინ აჰუბასა და ლამინ უაჰაბის დუეტს – 7:6(4), 4:6, 6:2. საერთო ანგარიში გახდა 2:1 და საქართველოს ნაკრებს დარჩენილი ორი მატჩის მოგება სჭირდებოდა შემდეგ წრეში გასასვლელად.
მაგრამ, ჩვენი გუნდის ლიდერმა ბასილაშვილმა, რომელიც მსოფლიოს 57-ე ჩოგანია, გამანადგურებელი ანგარიშით წააგო კლასიფიკაციის 591-ე ნომერთან, ლამინ უაჰაბთან – 1:6, 3:6. მაროკოსთვის ეს იყო მესამე ქულა მატჩში და ეს გუნდი მეორე წრეში რუმინეთის ნაკრებს შეხვდება.
საქართველო 7-8 აპრილს პლეი ოფში ლუქსემბურგს უმასპინძლებს და ამ მატჩში მოგებული შეინარჩუნებს ადგილს დევისის თასის ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში.