მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.
“ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.
ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობდა 65-მდე მეხანძრე-მაშველი.
საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები. აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის”,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.