საქართველო ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს - EuroDIG 2018-ს მასპინძლობს
თბილისში ფორუმი „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველიბის საკითხებზე“ იმართება. ფორუმში მონაწილეობას ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან 500-ზე მეტი სტუმარი იღებს. დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება ყველა საკითხი, რაც ინტერნეტის მართვასა და ციფრული ეკონომიკის განვითარებას ეხება, კერძოდ ადამიანის უფლებების დაცვა ინტერნეტში, გამოხატვის თავისუფლება, საავტორო უფლებების დაცვა, მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციები (GDPR), კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტთან და კონტენტთან წვდომა, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სათემო ინტერნეტიზაცია, დომენები, ინტერნეტში ბავშვების დაცვა, ადამიანის უფლებები, ციფრული ეკონომიკა, სიძულვილის ენა, ელექტრონული კომერცია, ბლოკჩეინი, ციფრული წიგნიერება, ინოვაციები და ინტერნეტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ პლატფორმას მოსაზრებებისა და გამოცდილების გასაცვლელად, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.