საქართველო ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს - EuroDIG 2018-ს უმასპინძლებს
საქართველო ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპულ დიალოგს - EuroDIG 2018-ს უმასპინძლებს

4-6 ივნისს თბილისში EuroDIG 2018 („ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“) გაიმართება.

ფორუმის წინამოსამზადებელი შეხვედრა დღეს ტექნოპარკში მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, EuroDIG-ის, საერთაშორისო ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) და დომენური სახელების საერთაშორისო ორგანიზაციის (ICANN) წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანი EuroDIG 2018-ის დღის წესრიგი და მისი მთავარი საკითხების განსაზღვრაა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტმმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტმმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება. წინასწარი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებს 300-დან 600-მდე სტუმარი, მათ შორის ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით მარია გაბრიელა.

EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტსაზოგადოებისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის, ეკა ყუბუსიძის განცხადებით, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტმმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია.

„ბოლო წლებში საქართველოში წარმატებით ჩატარებულმა ინტერნეტმმართველობის ფორუმებმა მაღალი შეფასება და აღიარება მიიღო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რისი შედეგიც ჩვენს ქვეყანაში ამჯერად ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის გამართვაა, როგორიცაა EuroDIG 2018“, – აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ.

ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე – EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაერო-ს „ინტერნეტმმართველობის ფორუმს“ (IGF).

EuroDIG-ი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მაშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად – თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი. ფორუმში მონაწილეობენ დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. ამასთან, ფორუმების მუშაობაში აქტიურად არიან ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდა თაობა. ისინი ერთობლივად განიხილავენ და ცვლიან შეხედულებებს ინტერნეტის განვითარების სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.