საქართველოს ევროკომისარი მარია გაბრიელი ეწვევა
საქართველოს ევროკომისარი მარია გაბრიელი ეწვევა

თბილისში „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ – EuroDIG 2018 გაიმართება.

ფორუმი, რომლის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 4-6 ივნისს სასტუმრო „რუმს“-ში ჩატარდება და მასში ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან 400-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიების სტუმრებს შორის იქნებიან  – ევროკომისარი ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების საკითხებში მარია გაბრიელი, ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი, ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტმმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი, ღია და დაცულია.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მსგავსი რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტფორუმი საქართველოში პირველად ტარდება. ასევე ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფორუმების მუშაობაში ასევე აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები და ახალგაზრდები, ისინი ერთობლივად განიხილავენ ინტერნეტის განვითარების აქტუალურ საკითხებს, იმსჯელებენ აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე. ფორუმის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება. ამასთან, ძირითად ღონისძიებას წინ უძღვის ახალგაზრდა თაობის დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე (YOUthDIG), რომელიც 2-4 ივნისს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ჩატარდება. ღონისძიებაზე ინტერნეტმმართველობის ძირითად საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე მათ მიეცემათ შესაძლებლობა, შეხვდნენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში დაფუძნებულ ქართულ სტარტაპებს.

ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე – EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაერო-ს „ინტერნეტმმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.