საქართველო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარებაში მონაწილეობას გეგმავს
საქართველომ მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას. პრეზენტაციას ამ თემაზე ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში მართავს.
პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა ქვეყანა ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე გახდეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აბრეშუმის გზის ერთიანი ციფრული ბაზრის არსებობა უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
პროექტის განხორციელებისთვის უახლოეს პერიოდში, შეიქმნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კონსორციუმი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მონაწილეობით და დაიწყება ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც რეგიონული მასშტაბით, პროექტში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და მაღალკონკურენტულ, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის, აუცილებელია ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა და აღნიშნული მიმართულებით ადამიანური კაპიტალისა და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება.
ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებისა და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.