გიორგი აბაშიშვილი - არ უნდა დაგავიწყდეს, რომ საქართველო კონტინენტზე 14 ქვეყნისთვის საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენს
გიორგი აბაშიშვილი - არ უნდა დაგავიწყდეს, რომ საქართველო კონტინენტზე 14 ქვეყნისთვის საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენს

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს გეოპოლიტიკურ პოტენციალზე, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ და ხშირად გავიმეოროთ, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი მთავარი ხიდია და კონტინენტის 14 ქვეყნისთვის საზღვაო გამტარსა და კარიბჭეს წარმოადგენს. გარდა ამისა, საქართველო ერთადერთია რეგიონში, რომელსაც როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს. ქვეყნის ეს კონკურენტული უპირატესობა ხშირად უნდა გავიმეოროთ და უფრო უკეთ გამოვიყენოთ, ვიდრე ვიყენებთ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.

გადაცემაში „თბილისის აბრეშუმის გზის“ ორდღიანი ფორუმის მნიშვნელობა განიხილეს, რომელიც დღეს გაიხსნა და 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი. გადაცემაში აღინიშნა, რომ პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომელიც მიმდინარე ფორუმის წამყვანი თემაა და ე.წ. განახლებული აბრეშუმის გზის კონცეფციას მოიცავს, საქართველოს ისტორიული ფუნქციის გაძლიერების პერსპექტივას უქმნის. 

აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს ძირითადი კონკურენტული უპირატესობა მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებია, რაც უკეთესად უნდა გამოიყენოს.

„საქართველოს შესაძლებლობების წარმოჩენისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია. კარგია, რომ ეს ფორუმი მესამედ ტარდება, რადგან როდესაც საქართველოს გეოპოლიტიკურ პოტენციალზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში სწორედ ის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი ხიდია მეზობლებთან, განსაკუთრებით, აზერბაიჯანთან ერთად. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო მთავარი გამტარი ე.წ. კარიბჭეა კონტინენტზე 14 ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. ამ უპირატესობას მუდმივად ხაზი უნდა გავუსვათ. ამავდროულად, მუდმივად უნდა გავააქტიუროთ მუშაობა აზიის ქვეყნებთან, რომ მეტი სარგებელი მივიღოთ. საქართველო მეტად უნდა გადაერთოს ჩინეთთან და ევროკავშირთან ვაჭრობაზე, რადგან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ერთის მხრივ ევროკავშირთან და მეორე მხრივ, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს. ეს არის ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და ვფიქრობ, ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე ვაკეთებთ. ფორუმი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი იმისათვის, რომ ეს უპირატესობა გამოვიყენოთ. ფორუმი არის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ფორუმის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მეტი აქტიური ნაბიჯები დავინახო. გარკვეული გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ, რა დავაკელით აქამდე იმისათვის, რომ მეტი მივიღოთ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.