საქალაქო სასამართლოსთან ექიმები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის და ამავე კლინიკის ექიმის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციას ესწრება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ბრალდების ვერსია უსაფუძვლოა და დაკავებულებს საქმიანობის ლიცენზია აქვთ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ლიცენზია ვადაგასული იყოს.
აქციის მონაწილეები დაკავებული კოლეგების გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მისი კოლეგების დაკავება გაურკვეველი მიზეზით მოხდა.
„საქმეზე 2019 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ დადგენილება გამოიტანა, რომელიც ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი, რადგან მთავარ მიზეზთაგანი, რასაც ედავებიან ისაა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს არ ჰქონდა ლიცენზია ტრავმატოლოგ-ორთოპედიაში და ისე აკეთებდა ჩარევას. აქ ჩარევას აკეთებდა რადიოლოგი და არა ტრავმატოლოგი. ჩემი კოლეგები, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობდნენ, არ დამალვიან გამოძიებას, რადგან ისინი თავს დამნაშავეებად არ მიიჩნევენ. კვარიათში 22:00 საათზე დაკავება ბავშვებთან ერთად, არის წარმოუდგენელი“, – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
რაც შეეხება მაგდა ხუჭულავას, ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას 30 წელია იცნობს და ის არის რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იტალიის მოქალაქეა.
მაგდა ხუჭულავას აქვს აღებული ლიცენზია, მუშაობდა აქ ანესთეზიოლოგად, ვიდრე წავიდოდა იტალიაში. იქ არის ასეთი ტექნიკური რომელიღაც საბუთის განახლება, რომელიც მას არ გაუკეთებია. ის იტალიაში ცხოვრობდა და იქ მუშაობდა“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
როგორც დაკავებულების ადვოკატმა, სალომე ჯანუაშვილმა აღნიშნა, არც ერთი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულს არათუ პატიმრობა შეეფარდოთ, არამედ საერთოდ ბრალდებულებად იქნენ ცნობილი.
„მე გადმომეცა საქმის მასალები და გავეცანი სრულიად დეტალურად. მხოლოდ გამიღრმავდა ის საფუძველი, რომ ამ ადამიანების ქმედებაში დანაშაული აბსოლუტურად არ არსებობს არც ერთი მუხლით და არც ერთი კვალიფიკაციით, რაც წარმოდგენილია ბრალში. არც ერთი საფუძველი არ არსებობს, რომ ბრალდებულს არათუ პატიმრობა შეეფარდოს, არამედ საერთოდ ბრალდებულებად იქნენ ცნობილნი და ბრალი წარედგინოთ. ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია და განსაკუთრებით უსაფუძვლოა თაღლითობის ბრალდება, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ადვოკატმა.
საქალაქო სასამართლოში დღეს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორ გიორგი ლობჟანიძისა და ამავე კლინიკის ექიმის, ვახტანგ ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ.
შეგასენებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი, გიორგი ლობჟანიძე და ამავე კლინიკის ექიმი, ვახტანგ ყიფიანი დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მაგდა ხოჭოლავას მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.