საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ვახტანგ იაშვილის თქმით, ამჯერად რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.
„განახლდება პოლიტიკური პროცესი ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. ბრალდების მხარე შეეცდება, წარმოადგინოს მტკიცებულებები, თუმცა მათ ეს მტკიცებულებები არ გააჩნიათ. კვლავ მოიყვანენ მოწმეებს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, ვერ მიუთითეს ვერაფერი, რაც დაადასტურებდა ირაკლის ბრალეულობას. ასევე დღეს და შემდგომ პროცესებზეც, ალბათ, გაგრძელდება იგივე. ანუ, ეს არის ის ჩვეულებრივი საქმე საქმისთვის, პოლიტიკური მოტივით შემქნილი და არა რეალური მართლმსაჯულება. მე არ ვგეგმავ ახლა რაიმე შუამდგომლობის დაყენებას. თუ რაიმე ახალი, კონკრეტული გარემოება არ გვექნება. ამ ეტაპისთვის ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მოწმეების დაკითხვაში. მათ დავკითხავთ, დავუსვამთ სათანადო შეკითხვებს და კიდევ ერთხელ დარწმუნდება დამსწრე საზოგადოება და შემდეგ უკვე ყველა დანარჩენი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის მართალი“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, ვახტანგ იაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილს გამოძიება 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.