ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერები 20 ივნისის მოვლენების დროს გვერდით არ დაუდგნენ
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ ლიდერები 20 ივნისის მოვლენების დროს გვერდით არ დაუდგნენ

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად ოპოზიციის საერთო ძალა და რესურსებია საჭირო.

ირაკლი ოქრუაშვილმა გაიხსენა 20 ივნისის მოვლენები, მისი და რამდენიმე ადამიანის დაკავება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები გვერდში არ დაუდგნენ.

„20 ივნისს რომ დამაკავეს, ჯერ ერთი იქ ორი-სამი ადამიანი მახსოვს ლიდერებიდან და ბევრი არა, ვინც დღეს გულზე მჯიღს ირტყამს, მაგრამ 20 ივნისს ჩვენი დაკავების შემდეგ ნაწილი გაგვემიჯნა და ნაწილმა ჩვენი კრიტიკა დაიწყო, ნაწყენი ვარ რა თქმა უნდა, თუ მე მეცოდინება, რომ ზურგი მაქვს, თუ შეთნხმებული ვართ, თუ შენი იმედი მაქვს, ყველაფერზე წამსვლელი ვარ, მაგრამ თუ ვიცი, რომ პარტნიორად არ გამომადგები, მარტო ჩემი რესურსები და ძალა საკმარისი არ არის…ცალკე აღებული არავისი რესურსი საკმარისი არ არის, ივანიშვილი სათითეებით გვეთამაშება, 2022-ზე რომ დაგვთანხმდეს კიდეც, რა გარანტია გვაქვს, რომ 2022-ში ისევე არ ჩაატარებს არჩევნებს, როგორც ახლა, გეგმა ბე ხომ უნდა გვქონდეს, თუ ისევ იგივე მეორდება, ახალი შემოაგდეს კიდევ, 48 პროცენტს თუ გადავცდით ადგილობრივ არჩევნებზეო, მაშინ მოიხსნას დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების საკითხიო, რა 2 პროცენტს ვერ წაამატებენ ასე ციფრების მანიპულირებით? ამ ადამიანთან სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო – ყველანაირი, ქუჩა-ქუჩა, ქალაქ-ქალაქ, ოპოზიციამ უნდა გავაერთიანოთ რესურსები, დროის, ფინანსური, ადამიანური, უნდა ვიაროთ სოფელ-სოფელ… რესურსები უნდა გავაერთიანოთ, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა უნდა ვიაროთ, ხალხს იმედი უნდა ჩავუსახოთ, ბოლოს უნდა ჩამოვიყვანოთ და მივაყენოთ ივანიშვილის სახლს, მეტი გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, „ანუ, რევოლუციაზე ლაპარაკობთ? წალენჯიხიდან თავის დროზე, 2003-ში ავტობუსი რომ წამოიყვანეთ, რომელსაც სააკაშვილი მოუძღოდა, ახლა იმ სცენარს განიხილავთ?“, ოქრუაშვილი პასუხობს: „ამისთვის უნდა ვემზადოთ, რომ… ეს არ არის ვინმეს ექსკლუზიური სცენარი, ყველა თავმოყვარე საზოგადოება, რომელსაც ხელისუფლება ასეთ რამეს კადრებს, რაც ამ ხელისუფლებამ რვა წლის განმავლობაში გვაკადრა, მზად უნდა იყოს, რომ ასეთი მეთოდის გარეშე შეიძლება, ვერაფერს გავხდეთ. არც რაღაცა ჩასაფრებული ვარ, არ მინდა არც რევოლუცია, არც რყევა, მინდოდა ყველაფერი წყნარი კალაპოტით განვითარებულიყო, რადგან დავიღალეთ ყველანი – ციხე, სასამართლო, ემიგრაცია, ციხე, სასამართლო, ემიგრაცია, უკვე ნახევარ საუკუნეს მივუკაკუნე ხომ?“, – აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „თქვენ თქვით, 20 ივნისს როცა დაგვიჭირეს, ვიღაცები გვერდით არ დაგვიდგნენო, ვინ იყვნენ ესენი?“,- ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ისინი პირველ რიგში „ლელოს“ ლიდერები იყვნენ.

„პირველ რიგში „ლელოს“ ლიდერები. როცა მიხვდნენ, რომ 20 ივნისი, ე.წ. ბრენდი შეიძლება გამხდარიყვნენ, მარტო მაშინ დაიწყეს გამოჩენა, იქ სამი თვის დღის აღნიშვნა რომ იყო, ალაგ-ალაგ ჩვენი მოხსენიება“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

„უთხარით ეგ მამუკა ხაზარაძეს?“,- ოქრუაშვილი პასუხობს: „არა, მასზე გაცილებით მეტზე ვარ ნაწყენი, რადგან ჩემი ციხეში ყოფნის დროს ისეთი ნაბიჯი გადადგა, ძალიან წვრილმანი ადამიანური რაღაცაა, არ მინდა, ახლა დავწვრილმანდე. იცის თვითონ, ზვიად კორძაძეს ჰკითხოს და გასცემს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.