საქალაქო სასამართლოში გურამ ფალავანდიშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გურამ ფალავანდიშვილის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაიმართა.
ფალავანდიშვილს გამოძიება ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის, სამართალდამცავებისთვის დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მუხლებით ედავება.
მოსარჩელე მხარემ მოწმის სახით სამი პოლიციელი წარმოადგინა, რომელთა თქმით, ისინი ფალავანდიშვილთან გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
აღნიშნულ ბრალდებას ფალავანდიშვილი სიცრუეს უწოდებს.
„საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ჩვენი პოლიცია ძალიან სამწუხაროდ, ხშირად აძლევს ცრუ ჩვენებას, ამჯერადაც აძლევს ცრუ ჩვენებას, ბილწი ჰომოსექსუალიზმის დაცვის გამო. მე მესმის მათი, კოლეგიალობა აქვთ და ვუთანაგრძნობ, თვითონაც თვალებში ვერ მიყურებდნენ, მე ასე შევატყე. ახლა განსაკუთრებული არაფერი მემუქრება, მაქსიმუმ 4000 ლარით დამაჯარიმონ, რაც რა თქმა უნდა, ჩემთვის არ არის კარგი, მაგრამ ფაქტი, რომ პოლიციაში ცრუ ჩვენებები არსებობს, ეს არის ძალიან ცუდი. მე გამაჩერა პოლიციამ და მითხრა, რომ უწყება უნდა ჩაგაბაროთო. მანქანით ვიყავი, გადმოვედი, მათ მანქანაში ჩავჯექი და წამომიყვანეს. არც არაფერი არ ჩამაბარეს, არც მიუზრდელია. ყოფილა შემთხვევა, რომ გამიწევია წინააღმდეგობა, ამას ხო არ ვმალავ, მაგრამ ახლა არ ყოფილა, თორემ კვერცხიც მისროლია და არ დამიმალავს, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი არ იყო. აქ ყველაზე ცუდი ის არის, რომ პოლიცია ცრუ ჩვენებებს იძლევა და ამ შემთხვევაში იძლევა ყველაზე გარყვნილი ქმედების დასაცავად. იმ მომენტში ჰომოსექსუალური შემოტევის პიკი იყო და ჩემი განრიდება უნდოდათ ნებისმიერი მიზნით“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემული პირის სასარგებლოდ მოწმეები სასამართლო პროცესზე 8 ივლისს დაიკითხებიან.