საქალაქო სასამართლოში ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მხარეები დღეს შესავალი სიტყვით წარმოდგებიან.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობა მის მამინაცვალს ვეფხია ბაქრაძეს ედება ბრალად.
მკვლელობის გარდა, ბაქრაძეს გამოძიება ექვსი სხვადასხვა ეპიზოდზე დანაშაულის ჩადენას ედავება.
ამასთან, ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის თემურ ბაქრაძის სხდომა დღესვე გაიმართება. თემურ ბაქრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 15 აპრილს დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დღეს იქნება მხოლოდ შესავალი სიტყვები, სავარაუდოდ ბრალდების მხარე არ დაიწყებს მტკიცებულებების კვლევას. არგუმენტები დაცვის მხარესაც აქვს”, – განაცხადა ადვოკატმა, ვახტან აბესაძემ.
რაც შეეხება ვეფხია ბაქრაძეს, სახელმწიფო ბრალდება მას 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება.
13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.
გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.