საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სამი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარია ბრალს არ აღიარებს. ლატარიას განზრახ მკვლელობის გარდა, ნარკოტიკების შეძენა-შენახვასაც ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავების მომენტში მან ხელყუმბარის გახსნა სცადა, თუმცა ადვოკატები ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ. უფრო მეტიც, აცხადებენ, რომ ბექა ლატარია ნაცემია, რასთან დაკავშირებითაც მათ სახელმწიფო ინსპექტორსაც აცნობეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ ლატარიას არარსებული დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ, რის გამოც მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„ჩემი ინფორმაციით, ბექა ლატარია მკვლელობის დღეს საბურთალოზე არ იყო. გვიან ღამით პოლიციელებმა მიაკითხეს, სახლში შეუმტვრიეს კარი, 40-მდე სამართალდამცველი შევარდა, მიაყენეს მის მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დააკავეს. მას არ გადასცემია ჩხრეკის და დაკავების ოქმი, რაც საპროცესო კოდექსის და კანონის უხეში დარღევვაა. წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. დაახლოებით 6 საათი დაცვის უფლება ჰქონდა შეზღუდული. ვერ მოვიძიე, სად იყო პატიმარი, ყველა ჩავაყენე საქმის კურსში, სახალხო დამცველის აპარატიც, პროკურატურაც, საღამოს მივაკვლიეთ. მან ასევე დამიდასტურა, რომ იყო ნაცემი, მათ სურდათ, ეღიარებინა მკვლელობა, რაც მას არ ჩაუდენია. ეს არის კანონის უხეში დარღვევა. დღეს მათი პირველი წარდგენაა და მოვითხოვ მის აღკვეთის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამოღებული იარაღი ვერ ვნახე, ადამიანს ედავებიან იარაღს, რომელიც საქმეში არ არის. არც ნარკოტია საქმეში“, – განაცხადა ბექა ლატარიას ადვოკატმა გიორგი ლაღიძემ.

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვასა და წინაამღდეგობის გაწევაში ბრალდებულებს, ბიძინა ხასიას ადვოკატის მურმან ღურწკაიას განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიების არც ერთი სახე არ უნდა შეეფარდოს, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

„ჩვენ გვინდა, დარჩეს აღკვეთის გარეშე. საქმეში არ არის მტკიცებულებები და ბრალდება ვერ ადასტურებს ბრალეულობის საკითხს. ჩვენება მიღებული იყო ცემის შედეგად. აქვს არაერთი და მრავლობითი დაზიანება. აწამეს სასტიკად და ამ ფორმით მოხდა ბრალის წარდგენა. მას არ ჰქონდა ხელყუმბარა, იყო მეზობლის სახლში ჩვეულებრივად. გამნაღმველებმა რა ქნეს, არ ვიცი, ცხადი ისაა, რომ მას არაფერი ჰქონია. არ დაუფარია არანაირი დანაშაული, არა მხოლოდ დაკავებულზე არ ჰქონდა ინფორმაცია.

მკვლელობის დღეს ის სახლში იყო, არ იმყოფებოდა საბურთალოს ტერიტორიაზე. მას მეგობარმა სთხოვა საბურთალოზე წაყვანა. რომ დატოვა, წამოვიდა სახლის მიმართულებით. იყო თავის სახლში, შესაბამისად, ვინ რა ჩაიდინა, მისთვის უცნობია და ვერ დაფარავდა დანაშაუალს“, – განაცხადა მურმან ღურწკაიამ.

ამასთან, კიდევ ერთი ბრალდებულის, ლევან რაჯაევის ადვოკატის გელა ჩივაძის განცხადებით, ლევან რაჯაევს ედავებიან წინაამღდეგობის გაწევას და ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას.

„მკვლელობასთან კავშირში არაა. თავიდან შეუტყობინებლობის წაყენება სურდათ, მაგრამ ამის მტკიცებულება არ ჰქონდათ. რაჯაევის მეზობელია ხასია. რაჯაევი იყო ინტერნეტში ღამე 01:00-დან 02:00 საათამდე. ხასიამ ნახა, დაურეკა და ავიდა სტუმრად. ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ხასია რაჯაევთან იყო, შევარდნენ, ამ დროს ხასია ლოგინის ქვეშ დაიმალა. მაშინვე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დამტვრეული აქვს ნეკნები, კისრის არეში აქვს დაზიანება. მტკიცებულებები არ არის და მოვითხოვთ აღკვეთის გარეშე დატოვებას. უკვე დამიკავშირდა სახელმწიფო ინსპექტორი და გვექნება მასთან გასაუბრება. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს გავაცანით ინფორმაცია და ვაპირებთ ბრძოლას. ვიზუალურადაც ეტყობა, რომ ნაცემია. როცა სცემეს, გონება დაკარგა, სუნთქვა შეეკრა და ლოგინზე წამოაწვინეს. მამაზეც იყო ძალადობა. მას არ ჰქონია ნარკოტიკები და ღამის 5 საათზე აღმოაჩნდა ვითომ შარვლის ჯიბეში ჰეროინი. ვითომ ლატარიასაც ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.