საქალაქო სასამართლო ცრუ ჩვენებაზე ბრალდებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
საქალაქო სასამართლო ცრუ ჩვენებაზე ბრალდებული არასრულწლოვნისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული  არასრულწლოვნის, დ.ღ-სთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 2018 წლის 21 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

„დ.ღ.-ს ბრალად ედება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი.

საქმე ეხება 2017 წლის 1 დეკემბერს ა.ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რომელსაც ბრალდებული უშუალოდ შეესწრო. დ.ღ.-მ გამოძიებას და სასამართლოს, განზრახ არასწორი ინფორმაცია არაერთგზის მიაწოდა, რითაც მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეუშალა.

დახურულ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკები. სწორედ აღნიშნული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართება.