საქალაქო სასამართლო არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასჯელის განსაზღვრაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლოში სასჯელის დანიშვნის სხდომასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„2018 წლის 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.
წინასწარი შეცნობით – დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი – არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში და აღნიშნულია, რომ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.