საპენსიო სქემაში მილიონამდე მოქალაქე გაწევრიანდა
საპენსიო სქემაში მილიონამდე მოქალაქე გაწევრიანდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის  ინფორმაციით, პირველი იანვრიდან დღემდე სქემაში თითქმის მილიონი ადამიანი გაწევრიანდა.

როგორ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ განაცხადა, სქემაში კერძო სექტორიდან 700 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, საჯარო სექტორიდან კი, ეს რიცხვი 200 ათას აღემატება.

„მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღეს 09:00 საათის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული არის 900 668 ადამიანი, უნიკალური მონაწილე. კერძო სექტორიდან გაწევრიანდა 726 295, საჯარო სექტორიდან 210 247 ადამიანი. სულ უნიკალური მონაწილე გასული საპენსიო სქემიდან – 161 756 ადამიანი: კერძო სექტორიდან 119 651, ხოლო საჯარო სექტორიდან 42 105. სულ ჩართული კომპანიების რიცხვი 58 292-ს შეადგენს. საპენსიო ფონდის ღირებულება დღეის მდგომარეობით, რომელიც მოიცავს სარგებელს,  361 374 058 ლარია, სადაც შედის 8 620 849 ლარის სარგებელი“, – აღნიშნა სურგულაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სულ საპენსიო შენატანები და დარიცხული სარგებელი დღეის მდგომარეობით 404 776 637 ლარია.