საპენსიო სისტემაში საწყის ეტაპზე დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი ჩაერთვება
საპენსიო სისტემაში საწყის ეტაპზე დაახლოებით 500-600 ათასი ადამიანი ჩაერთვება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, სულ ქვეყანაში 700 ათასამდე დაქირავებული დასაქმებულია, ხოლო მილიონზე მეტი არის თვითდასაქმებული.
კითხვაზე, თუ რა ტიპის თვითდასაქმებულებს შეეძლებათ საპენსიო რეფორმაში ჩართვა, ნინო ჯავახაძე განმარტავს, რომ ამისთვის აუცილებელია, მოქალაქეს რამე ტიპის ფინანსური ბრუნვა ჰქონდეს.
“შეიძლება ყოველთვიური არა, მაგრამ გარკვეული შემოსავალი უნდა ფიქსირდებოდეს სისტემაში. ამას აქვს ერთი მიზეზი, სახელმწიფო უკეთებს კონტრიბუციას ნებისმიერ ადამიანს, ვინც სისტემაში მონაწილეობს. კონტრიბუციის განსახორციელებლად, შემოსავლების სისტემა უნდა ხედავდეს ფიზიკურად ადამიანს და მის შემოსავლებს. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც სისტემაში ფიქსირდებიან, იქნებიან ეს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელები, ინდმეწარმეები და ა.შ, ისინი სისტემაში მონაწილეობას შეძლებენ”,- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
დაგროვებითი პენსიის სისტემაში ჩართვა 40 წლამდე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო იქნება, ხოლო ნებაყოფლობითი მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი.
თითოეული დასაქმებული ვალდებული იქნება, განახორციელოს შენატანი. კერძოდ, დასაქმებული მოქალაქე შეიტანს დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს, ხოლო თვითდასაქმებული – საკუთარი შემოსავლის 4%-ს. თავის მხრივ, სახელმწიფოც გადაურიცხავს დაგროვებითი პენსიის პროექტში ჩართულ მოქალაქეებს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.
ამასთან, მოხდება დაგროვილი თანხების ინვესტირება, რის შედეგადაც, მას საინვესტიციო შემოსავალიც დაერიცხება.
შესაბამისად, კანონპროექტის ავტორების განმარტებით, სისტემაში ჩართულ მოქალაქეს საპენსიო ასაკისთვის უკვე ექნება გარკვეული დანაზოგი, რომელიც სახელმწიფო პენსიასთან ერთად დაერიცხებათ მოქალაქეებს.
საპენსიო რეფორმის განხორციელება ერთდროულად დაიწყება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი – მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, ასაკის მიუხედავად.
საპენსიო აქტივების ინვესტირება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მოხდება.
პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ დაგროვებითი პენსია არ გულისხმობს არსებული საპენსიო ბაზის გაუქმებას.
კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის ბოლომდე წარედგინება.
საპენსიო რეფორმა ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად მოამზადა. კანონპროექტზე მუშაობაში ჩართული იყვნენ დონორებიც.