საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე – pensions.ge საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდა. შესაბამისად, დამსაქმებლებს სისტემაში რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ. რეგისტრაცია საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის აუცილებელია.
რეგისტრაციისთვის საჭიროა ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის, დამსაქმებლის დასახელებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითება. საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ასევე განთავსებულია შენატანების გადახდის ინსტრუქცია.
2019 წლის 1 იანვრიდან 2-პროცენტიანი საპენსიო შენატანის გადახდა ევალება ყველა დასაქმებულს, ასევე მის დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. დასაქმებულს, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეუსრულდა 40 წელი ან მეტი, 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით შეეძლება საპენსიო სქემიდან გასვლა. ასეთ შემთხვევაში, მას, ასევე დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ განხორციელებული საპენსიო შენატანები.
რა უნდა ვიცოდეთ პირველ იანვარს ამოქმედებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ.