„საპარტნიორო ფონდი“ „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში“ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„საპარტნიორო ფონდი“ ეხმაურება „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრში“ (ე.წ. ონკოლოგიურ კლინიკა) გუშინ გამართულ აქციას და აცხადებს, რომ ის, რაზეც ონკოლოგიურის მედპერსონალი საუბრობს, წლების წინ დაწყებული პრობლემებია.
„ჩვენს ღირსეულ მედპერსონალს უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა, თუმცა აღნიშნული კლინიკის პრობლემები დიდი ხანია არსებობს. პირველად „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ (ონკოლოგიური საავადმყოფო) პრივატიზება 2011 წელს მოხდა და კლინიკა კანადურ კომპანიას გადაეცა. სამწუხაროდ ინვესტორმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და სამედიცინო დაწესებულების განვითარების ნაცვლად კლინიკაში ვითარება გაუარესდა, მათ შორის, მოიშალა არსებული ინფრასტრუქტურა, სამედიცინო საქმიანობის გაწევისთვის კლინიკას გამოეყო მხოლოდ ერთი ფლიგელი, შენობის დარჩენილი ფართი კი კარკასად იქცა. გაპარტახებული კლინიკა კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.
2015 წელს კი მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადმოსცა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა.
სხვადასხვა გარემოებათა გამო აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, საპარტნიორო ფონდის მიერ 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კლინიკების განვითარების კომპანიის ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოხდა კლინიკის შიდა რეზერვების მობილიზება, რამაც გაზარდა შემოსავლები და გარკვეულწილად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია.
საპარტნიორო ფონდი კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის კლინიკების განვითარების მიზნით 50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწად-ნახევრიანი შრომის შედეგად საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი.
პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს.
პროექტის მიხედვით, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება.
პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსთან განხილვის აქტიურ ფაზაშია. სამუშაო რეჟიმში თანხმდება დეტალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით უწყების წარმომადგენლებს“, – აცხადებენ „საპარტნიორო ფონდში“.
„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა გუშინ აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვენ.