„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს
„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს

„უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და სამედიცინო ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვენ.

თანამშრომლები ამბობენ, რომ შვიდი თვის ხელფასები არ აუღიათ. მათი თქმით, კლინიკა 1977 წელს აშენდა და მას შემდეგ კაპიტალური რემონტი არ ჩატარებულა. შენობა ავარიულია და ცხრა სართულზე მხოლოდ რამდენიმე ფლიგელია გარემონტებული.

„სახელმწიფო გვეუბნება, რომ საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია ეს ყველაფერი, ფონდი ხელს იშვერს სახელმწიფოსკენ. დაიფაროს ხელფასები და მოუარონ აქაურობას. ინგრევა კლინიკა, რომელიც არ უნდა ინგრეოდეს“, – აცხადებს კლინიკის თანამშრომელი თამთა პატიშვილი.

ონკოლოგიური კლინიკა სახელმწიფოს ბალანსზეა და მას საპარტნიორო ფონდი მართავს. კლინიკის დირექციაში აცხადებენ, რომ ფონდსა და კერძო ინვესტორს შორის უკვე არსებობს მოლაპარაკება, რაც მათივე თქმით, მალე დასრულდება და ამის შესახებ თანამშრომლებიც იყვნენ საქმის კურსში. თუმცა თანამშრომლები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მსგავს ინფორმაციას არ ფლობენ.

„საპარტნიორო ფონდს უკვე გამოძებნილი ყავს ინვესტორი. მუშაობა მიდის ხელშეკრულების დეტალებზე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და უკვე გადაწყვეტის სტადიაშია. ვინ იქნება ინვესტორი არ ვიცი, მაგრამ ინვესტიცია წაადგება კლინიკას“, – აცხადებს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრის“ დირექტორი მამუკა გელოვანი.

„უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს“ სულ 300 თანამშრომელი ყავს.

დატოვე კომენტარი