მთავრობამ „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით ცვლილებები მოამზადა, რომლებიც ფონდის სახელწოდების, სტრუქტურის ცვლილებას და დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს
მთავრობამ „საპარტნიორო ფონდთან“ დაკავშირებით ცვლილებები მოამზადა, რომლებიც ფონდის სახელწოდების, სტრუქტურის ცვლილებას და დამოუკიდებლობის გაზრდას გულისხმობს

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, „საპარტნიორო ფონდს“ „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ცვლილებები პარლამენტს გადაეგზავნება და საგაზაფხულო სესიაზე იქნება განხილული.

„საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე მთავრობაში მუშაობა მიმდინარეობდა გარკვეული პერიოდი. მიდიოდა მუშაობა პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე საპარტნიორო ფონდის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც დღეს მთავრობამ მიიღო და უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება. შესაბამისად, 2023 წელს უკვე ახალი ფონდი გვექნება, ახალი პირობებით, ახალი სახელით, რომელსაც „საქართველოს განვითარების ფონდი“ ჰქვია პირობითად, დღეს ასე მიიღო მთავრობამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება არის პარლამენტზე და პარლამენტი რა ფორმით დაამტკიცებს ამ ცვლილებებს, ეს უნდა ვნახოთ უკვე  2023 წელს. ჩვენ გადავუგზავნით და იმედი გვაქვს, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ცვლილებები განხორციელედება ოპერატიულად და შემდგომში ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა საკანონმდებლო ცვლიელბების შესაბამისად“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი არსი არის ფონდის მეტი დამოუკიდებლობა.

„ეს არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია. აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. ამ შემთხვევაში ფისკალური რისკები არ უნდა იყოს საპარტნიორო ფინდის საქმიანობიდან გამომდინარე. მას ექნება თავისი რესურსები. ის თავისი გამჭრიახი და სწორი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას, შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებასა და განხორციელებას. აქაც პრიორიტეტები მკაფიოდ არის განსაზღვრული, უფრო მეტად, ვიდრე ადრე იყო, წინა კანონში. კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია. ეს არის უფრო ექსპორტზე ორიენტირებული, უფრო ინოვაციური მიმართულებები და პროექტები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ფონდი იქნება მეტად დამოუკიდებელი, თუმცა საკანონმდებლო ცვლიებებით ასევე მკაფიოდ განსაზღვრულია პრიორიტეტული მიმართულებები და ფონდის საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული პარამეტრები.

„ერთი არის დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს ასევე განახლებული მმართველობითი სტრუქტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ პოლიტიკური მონაწილეობისგან დამოუკიდებელი იქნება ფონდი. იცით, რომ დღეს მინისტრები, მთავრობის წევრები არიან უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ფონდს ეყოლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შესაბამისად მიიღებს, მათ შორის, საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, უზრუნველყოფილია ფონდის უფრო მეტი დამოუკიდებლობა, უფრო მეტად ბიზნესორიენტირებულობა. ეს დამოუკიდებლობა არის ალბათ ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებშია ასახული. ის პრიორიტეტები, რომლებიც წარმოდგენილია, მაღალ დონეზე და ხარისხიანად რომ განხორცხიელდეს, ასევე ამ გაუმჯობესებული მმართველობით უნდა იყოს განპირობებლი. შესაბამისად, ეს იქნება დამოუკიდებელი საინვესტიციო ფონდი, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონკრეტულ საინვესტიციო მიმართულებებში, კონკრეტული პარამეტრებით, რომლებიც ასევე წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებებში, განახორციელებს თავის საინვეტიციო საქმიანობას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ბევრი რამ ფონდის გარშემო იქნება უფრო პროგნოზირებადი და გამჭვირვალე.

„ვფიქრობ, კითხვები, რომლებიც არსებობს ხოლმე საზოგადოებაში, იქნება მინიმუმზე დაყვანილი“, – დასძინა ლევან დავითაშვილმა.