საპარლამენტო უმრავლესობის წევრები IRI-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელებს ხვდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს ხვდებიან.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი პარლამენტიდან იუწყება, დისკუსიის მთავარი თემა გუშინ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებია, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრით, საზოგადოების რეალურ განწყობებს არ ასახავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ეჭვი შეაქვთ IRI-ს მიერ დაქირავებული კომპანიის კომპეტენციაში, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისთვის კვლევის საველე სამუშაოებს ატარებს.
IRI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევა გუშინ გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, პოლიტიკოსების რეიტინგში დავით ბაქრაძე, გიორგი მარგველაშვილი, კახა კალაძე, დავით სერგეენკო და გიორგი კვირიკაშვილი ლიდერობენ. ამასთან, კითხვაზე – „რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტადებოდეს და შემდეგი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ“ – გამოკითხულთა 27-მა პროცენტმა „ქართული ოცნება“ დაასახელა; 17-მა პროცენტმა „ნაციონალური მოძრაობა“; მესამე ადგილზე 7 პროცენტით „ევროპული საქართველოა“.
კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.