IRI - საქართველოში ცენტრალურ დონეზე ინსტიტუტების მუშაობით კმაყოფილება მცირდება, ადგილობრივ დონეზე კი იზრდება
IRI - საქართველოში ცენტრალურ დონეზე ინსტიტუტების მუშაობით კმაყოფილება მცირდება, ადგილობრივ დონეზე კი იზრდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ. ამის შესახებ IRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ​ ნიქსმა.

IRI-ს ცნობით, ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა შეადგენს 50 პროცენტს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88 პროცენტი იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45 პროცენტით), პარლამენტის (შემცირდა 47 პროცენტით), პროკურატურისა (შემცირდა 24 პროცენტით) და სასამართლოს (შემცირდა 30 პროცენტით) მიმართ.

IRI-ს ინფორმაციით, ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით 27 პროცენტიდან, დღეს უკვე 43 პროცენტამდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60 პროცენტი) და აჭარა (59 პროცენტი), ასევე დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად.

„ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების გაუმჯობესებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ მათი მოქალაქეებთან ურთიერთობისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგიანია“, ამბობს ნიქსი. „განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებით უმცირესობების ფართო დასახლებებს, რომელთა მარგინალიზაციაც წარსულში ხდებოდა“, – აღნიშნა სტივენ​ ნიქსმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევა, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში გამოკითხულთა 77 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს „მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული (27 პროცენტი) ან პროდასავლური, მაგრამ ამასთანავე რუსეთთან​ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50 პროცენტი)“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია – 76 პროცენტი, იგი 2017 წლის აპრილის შემდეგ 6 პროცენტით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით 19 პროცენტით შემცირდა.

კვლევა ჩაატარა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. რესპონდენტთა​ გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.