საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩის საქმეზე სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებს აძლევს
დროებითი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციებს გასცემს.
მმართველი გუნდი ერთი მხრივ, რეკომენდაციებს ძალოვან უწყებებს აძლევს, მეორე მხრივ კი, განათლების სამინისტროს მიმართავს.
მათ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ მ.კ-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის), სასამართლო განხილვის ეტაპზე და საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. ასევე საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები.
პროექტის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ ასევე საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში, ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები განახორციელონ.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ცალკე უნდა გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის ამ ფაქტზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაზღვროს ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია – დანაშაული ჯანმრთელობის, ან სიცოცხლის წინააღმდეგ. ასევე, შსს-მ ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისთვის და პასუხისგებაში მიცემისთვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს, დოკუმენტით, სამინისტრომ უნდა გამოავლინოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონფლიქტის პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„ასევე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანად აღსასრულებლად, დროულად და სათანადოდ დანერგოს კონფლიქტის პრევენციისა და მასზე რეაგირების განახლებული მექანიზმები; შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამის დანერგვის, განხორციელებისა და მონიტორინგის შესახებ და უზრუნველყოს მისი პრაქტიკაში დანერგვა; შეიმუშავოს სკოლის უსაფრთხოების ერთიანი წესი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სკოლის ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე ეფექტურ რეაგირებას, ასევე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის განვითარება. ასევე, მიზანშეწონილია, შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ცივი იარაღის ბრუნვის კონტროლს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებისთვის ხელმისაწვდომობის ნაწილში, ხოლო მეორე მხრივ, ადეკვატური სანქციების დაწესების გზით, შეამცირებს ცივი იარაღით დანაშაულის ჩადენის ფაქტებს”, – ნათქვამია დოკუმენტში.