საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კვირიკაშვილის მთავრობას მაღალი ნდობით დაამტკიცებენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განახლებულ სამთავრობო კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობა მაღალი ნდობით დაამტკიცებს.
როგორც პირველ არხთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, დღევანდელი განხილვისას მმართველ გუნდს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან შეკითხვები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით ექნება.
„კომიტეტების ფორმატში შედგება განხილვები. ასევე პრემიერ-მინისტრი და მთავრობა შეხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობას. ჩვენს გუნდს, პირველ რიგში, აინტერესებს ეკონომიკური განვითარება, გეგმები, რომელიც პრემიერსა და მთავრობას აქვს ამ თვალსაზრისით. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო ურთიერთობები, ის ფორმატები, რომელიც საქართველოს აქვს რამდენად იქნება გამოყენებული, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებზე ევროკავშირთან და ჩინეთთან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობას ერთსულოვნად დაამტკიცებს.
„ვფიქრობ, ქვეყნის სასიკეთოდ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა. ის პროგრამა, რომელიც “ ქართულ ოცნებას” დაანონსებული ჰქონდა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება და კეთდება. მთავრობას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვებს რა თქმა უნდა დავუსვამთ. იმ პროგრამას, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, დეტალურად განვიხილავთ. თუმცა მგონია, რომ ეს ისეთი მთავრობა და ისეთი პრემიერი მინისტრია, რომელიც დამტკიცებასა და ნდობის გამოცხადებას ნამდვილად იმსახურებს”,- განაცხადა კილაძემ.
პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 21 დეკემბერს, რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებს. დღეს კი მინისტრთა კაბინეტს კომიტეტების, უმრავლესობის, უმცირესობისა და ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ.