გიორგი გახარია - მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე
გიორგი გახარია - მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, ჩვენი სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე

რა თქმა უნდა, ამ გადმოსახედიდან, გულწრფელად გულდასაწყვეტია, რომ ოპოზიციის ადგილები პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისუფალი და ცარიელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, მართებული არ არის ასეთი გლობალური გამოწვევებით სავსე პერიოდში ქვეყნისთვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის რეგიონული გამოწვევებისთვის, პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესების.

„გულწრფელად, არ მგონია, რომ მართებული იყოს იმ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება, რომელიც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგაკისრეს, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატს. ამასთან ერთად, ამორალური მგონია ასეთ პერიოდში უარის განცხადება პასუხისმგებლობაზე, რომელიც შენმა მოქალაქეებმა, ამომრჩევლებმა არჩევნების დროს დაგაკისრეს და ამის ახსნა-განმარტება იგივე მოქალაქეების ინტერესებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი დღევანდელი თანამედროვე პოლიტიკური რეალობა. ალბათ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის განვითარებადი, გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა და ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის რეალური გლობალური გამოწვევები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად უმკლავდებიან, ეს ეხება მათ ჯანმრთელობას, მათ სამუშაო ადგილებს, მათ სოციალურ უზრუნველყოფას, ჩვენს დევნილებს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ყველაზე უფრო რეალურია დღეს.

ჩვენ შეიძლება ჩვენს შორის უთანხმოება პასუხისმგებლობის გადმოსახედიდან გვერდზე უნდა გადავდოთ. როგორც არ უნდა არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, არ მოგვწონდეს ერთმანეთი, დღეს ქვეყანა დგას ისეთი გლობალური გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენზე უკეთესად გაიაზრა ჩვენმა ამომრჩეველმა და ჩვენ ყველას მოგვცა დავალება, რომ პარლამენტი უნდა იყოს ასეთი, ამ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი 9 პარტია, აქ უნდა იყოს კონკრეტულად ეს ოპოზიცია, ეს პიროვნებები და დაგვავალა, რომ ერთად იმუშავეთ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ ამ განსაცდელიდან და დააბრუნოთ განვითარების იმ სასტარტო პირობებში, რომელზეც ვიყავით და შემდეგ მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფი განვითარება.

ქვეყნის სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ დაიძლიოს უმუშევრობა და სიღარიბე, მოგვარდეს ქვეყანაში ოკუპაციით გამოწვეული პრობლემები, აღსრულდეს ქვეყნის დიდი ხნის ოცნება და ჩვენ შევძლოთ, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. მჯერა, გონიერება გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა შემთხვევაში გამოწვევების წინაშე შევძლებთ, ვიმუშაოთ ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ყოველდღიური მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სამუშაო ადგილები, ჯანმრთელობა, მათი სოციალური უზრუნველყოფისთვის გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, დავიცვათ ჩვენი დევნილების ინტერესები. მაგრამ ამ იმედის მიუხედავად, ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ნებისმიერი განვითარების სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება, მოგვიწიოს ორმაგი პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღება და შესაბამისად, თითოეული პარლამენტარი, ისევე როგორც მთავრობის თითოეული წევრი ამისთვის უნდა იყოს მზად. მინდა, მადლობა გითხრათ ყურადღებისთვის, სამთავრობო პროგრამის ყურადღებით მოსმენისთვის, წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და ბოლოს მაინც იმედი გამოვთქვა, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებისთვის შრომას და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში ერთობლივ მუშაობას, რანაირი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.