ელენე ხოშტარია - მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნა პარლამენტის ღირსების საკითხია
საპარლამენტო უმცირესობის წევრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ განუცხადა, “ევროპული საქართველო“ მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ მოითხოვს. მისი თქმით, უმცირესობა კომისიის შექმნას გასული წლის ივნისიდან ითხოვს და საკითხზე 23 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
“32 არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია სერიოზულ გზავნილს გვიგზავნიან. შემთხვევიდან ცხრა თვე გავიდა და არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. პარლამენტის ღირსების საკითხია, საპარლამენტო კონტროლი განვახორციელოთ და საპარლამენტო კომისია შევქმნათ. კომისიის ფარგლებში შეგვიძლია, ვიკამათოთ და მასალები გამოვითხოვოთ. თუ ამას მთავრობა ვერ აკეთებს, პასუხისმგებლობა პარლამენტმა უნდა აიღოს და კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და უსაფრთხოებას ლახავს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
დეპუტატის ცნობით, საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ საერთაშორისო მეგობრების თანდასწრებით თქვა, რომ კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.
“ეს წნეხის შედეგია, თუ რა არის, მნიშვნელობა არ აქვს. ვნახოთ, მისი მხარდაჭერა პარასკევს გამოჩნდება. ამ საკითხის განხილვა პარასკევს იქნება და ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების მიუხედავად მიხვდებიან, რომ პარლამენტის ვალია კომისია შექმნას. კვალიფიციური მითითება ვნახეთ, თუ რა დარღვევებია. გონივრული ვადა გასულია და კომისიის შექმნა ლეგიტიმური მოთხოვნაა“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, პარლამენტში ყოფნა თანაგუნდელების დაცვა არ არის, ეს ქვეყნის ინტერესებსა და ადამიანების მოთხოვნაზე პასუხია. კომისიის შექმნა კი, ხელისუფლების ინტერესებში შედის.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 23 თებერვალს აფგან მუხთარლის საქმეზე იმსჯელებს, დეპუტატებს კომისიის შექმნის მიზანშეწონილობაზეც მოუწევთ მსჯელობა.