საპარლამენტო საგამოძიებო კომისია პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს საქართველოს პარლამენტში შეიკრიბება და პროკურატურის წარმომადგენლებს გამოკითხავს.
საუბარია იმ პროკურორებზე, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მუშაობდნენ.
საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, კომისიის წევრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან კითხვები აქვთ როგორც მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან, ასევე არასრულწლოვნების საქმესთან მიმართებით პროკურატურის ვერსიასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვექნება შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან. იქნებიან ის მაღალჩინოსნები პროკურატურიდან, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ შარშან დეკემბერში და მას შემდეგაც. ესენი არიან ბატონი გაბოძე და ბატონი შაყულაშვილი, ასევე ბატონი კაპანაძე, ბატონი გაბიტაშვილი, ბატონი ვასაძე და ბატონი სირაძე. ბევრი მიმართულებით იქნება კითხვები. ეს კითხვები ეხება როგორც პროკურატურის ვერსიას, რომელიც მათ გააჩნდათ, ისე იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც იყო ჩატარებული, ან არ იყო ჩატარებული“, – სერგი კაპანაძემ.
დეპუტატებისგან დაკომპლექტებული დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს სავარაუდოდ პროკურორების ნაწილს გამოკითხავს. იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელ შეხვედრაზე მათი გამოკითხვა სრულად ვერ მოხერხდა, ოთხშაბათს სხდომა იმავე ფორმატში გაგრძელდება.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა საქართველოს პარლამენტში დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.