ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.
თბილისში, პარლამენტის შენობაში კომისიის წევრები დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ორი დღის წინ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ რა მოხდა 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას # 4-ის ეზოში.
საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ დასკვნაზე საკუთარ მოსაზრებებს დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ.
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებში უსაფრთხოების კუთხით ბოლო წლების სტატისტიკა წარადგინა. კომისიის წევრების თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, სკოლებში ამ კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია.