საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ახლებურად წესრიგდება
საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ახლებურად წესრიგდება

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები ახლებურად წესრიგდება.

ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე უკვე ინიცირებულია რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები. ცვლილებებით, კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე მოთხოვნას, ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამ დღეში გაგზავნის.

ასევე პროექტით, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს პერიოდულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის.

ამასთან, ცვლილებებით, დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა მცირდება. კერძოდ, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15 დღის ნაცვლად, 10 დღით განისაზღვრება. ამასთან, ცვლილება აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხსაც შეეხება. კერძოდ, რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება 10 დღით, კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

ასევე პროექტით, იზრდება ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა – ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად. ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში, ყოველი თვის (გარდა დეკემბრის და ივნისის თვისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე, პარლამენტს მოხსენება წერილობითი ფორმით 5 დღით ადრე წარუდგინოს. პროექტით, ერთ დღეს ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა იკრძალება.