საპარლამენტო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორი პედაგოგი გამოკითხა
საპარლამენტო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორი პედაგოგი გამოკითხა

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ორი პედაგოგი გამოკითხა.

საგამოძიებო კომისიის წევრებმა 51-ე სკოლის ორი მასწავლებლისგან გასული წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები მოისმინეს.

კომისიის წევრების ინფორმაციით, სკოლის ეს მასწავლებლები სკოლის გარეთ შეხვდნენ ორ მოსწავლეს, ვიდრე ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება მოხდებოდა. ასევე, კომისიის წევრების ინფორმაციით, პედაგოგებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ მათ სკოლის ორ მოსწავლეს კითხეს, სად მიდიოდნენ, რაზეც ბავშვებმა თქვეს, რომ მასწავლებლებთან იყვნენ დაბარებული. კომისიის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ეს მოსწავლეები საქმის მასალების მიხედვით ფიზიკურ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდნენ და შემთხვევის თვითმხილველები არიან.

სკოლის პედაგოგების განცხადებით, ისინი ხორავას N4-ში მას შემდეგ მივიდნენ, რაც ხმაურის გაიგეს და ადგილზე მისულებმა დაჭრილი დავით სარალიძე ნახეს. ერთ-ერთი მასწავლებლის, ინგა ღუღუნიშვილის განცხადებით, სარალიძე დახმარებას ითხოვდა და მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

სკოლის პედაგოგების გამოკითხვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.