საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ, თუმცა ტერიტორიაზე პატრულირებენ
ჟურნალისტებს სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან მისვლის შესაძლებლობა მიეცათ.
ადგილზე ქართველი სამართალდამცველების კორდონია.
ჟურნალისტებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლად დამონტაჟებულ რკინის ღობეებთან მიახლოების შესაძლებლობა დაახლოებით 100 მეტრის მანძილიდან მიეცათ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს დღეს სამუშაოები არ განუახლებიათ, თუმცა გავლებული ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრულირებენ.
სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, გუშინ კი ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.