საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახში წითელი ჯვრის წარმომადგენლები იმყოფებიან
ხურვალეთში, ოთინაშვილების ოჯახში წითელი ჯვრის წარმომადგენლები არიან ჩასული. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
წითელი ჯვრის წარმომადგენლები ამ წუთებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან.
ადგილზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
როგორც ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედი მედიასაშუალებები წერენ, „მაია ოთინაშვილი ჯანმრთელობას არ უჩივის“. მათივე ცნობით, დღეს მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში ოსმა ჟურნალისტებმა მოინახულეს და „როგორც თავად დაკავებულმა განაცხადა, კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის“.
რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 37 წლის ქალი 29 სექტემბერს დააკავეს. ცხინვალიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, მაია ოთინაშვილს ე.წ. წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუშინ საერთაშორისო მისიებისა და დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ მაია ოთინაშვილის დაკავება იყო.