საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში რამდენიმე პირი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ მერეთში დღეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე პირი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. როგორც გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სოფელ მერეთში, მარინა ბაიაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს.
„რამდენიმე პირი გუგუთიანთკარსა და მერეთს შორის გადმოვიდა. მათ ოკუპირებულ სოფელ დისევსა და გუგუთიანთკარს შორის ბუჩქები მოკაფეს. ადგილზე მივიდნენ ქართველი სამართალდამცველები. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ტერიტორია მალევე დატოვეს“,- განაცხადა ბაიაძემ.
ფაქტი საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში განაცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.