სანქციების გაუქმების მიუხედავად, მარიხუანას ზოგიერთ ადგილზე მოხმარების გამო შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაწესდეს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გაუქმდა, გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების ფაქტი საფრთხეებს ქმნის მესამე პირებისთვის.
„საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სანქცია გააუქმა.