სანდრო რაქვიაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბერი ტრაგიკული თარიღია, მაინც 14 წელი გავიდა, ეს რაღაცნაირად უნდა დაგვემთავრებინა, წესიერი სასამართლო რომ გვქონოდა, ხომ აღარ გვექნებოდა პრობლემა
7 ნოემბერი რომ ერთ-ერთი ცუდი და სამარცხვინო თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ბევრი თანხმდება ამაზე და არ იყო შემთხვევითი, რომ აქცია არ ჩაატარეს 7 ნოემბერს, თვითონ შეეშინდათ ამ თარიღის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
„მეორე მხრივ, 14 წელი არ არის ისეთი თარიღი, რომელსაც აღნიშნავენ. ამაზე საუბარი რომ გვიწევს წელს, მიუთითებს, რომ პოლიტიზაცია ხდება და გასაგებია, რა პროცესშიც ვართ. სააკაშვილია ციხეში, მიტინგი უნდა ყოფილიყო 7 ნოემბერს და ეს თემა დამატებით აქტუალური გახდა. ორივე მხარე ხელს უწყობს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი გეგმით, 7 ნოემბერს აქცია ჩაეტარებინა, უბრალოდ დაატრიგერა ეს პროცესი და ახლა „ქართული ოცნებაც“ არ დააკლებდა შეხსენებას, თუ რა ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის დროს. ამიტომ, ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია, სადაც სრულიად მესამეხარისხოვანი ამბები არის წინა პლანზე იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ისტორიის ტრაგიკული თარიღია, მაინც 14 წელი გავიდა საბოლოო ჯამში და უკვე რაღაცნაირად ეს უნდა დაგვემთავრებინა, წესიერი სასამართლო რომ გვქონოდა, ხომ აღარ გვექნებოდა ეს პრობლემა, ვიღაც დასჯილი იქნებოდა. ახლა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, აქ ქვეყანა ორად არის გაყოფილი და ვერ შევთანხმდით, როგორ უნდა დავასრულოთ ეს პრობლემა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.