სანდრო რაქვიაშვილი - აქციაზე ჩვენი ოფისიდან მარტო მე ჩავალ, მაინტერესებს, რას მოიმოქმედებენ კოლეგა ოპოზიციონერები, რას იყვირებენ ტრიბუნიდან, დასაკვირვებლად მივდივარ
სანდრო რაქვიაშვილი - აქციაზე ჩვენი ოფისიდან მარტო მე ჩავალ, მაინტერესებს, რას მოიმოქმედებენ კოლეგა ოპოზიციონერები, რას იყვირებენ ტრიბუნიდან, დასაკვირვებლად მივდივარ

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი პარლამენტის წინ დღევანდელ აქციას უერთდება პერსონალურად, და არა პარტიის სახელით. ამის შესახებ რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„გირჩი“ არც არასდროს უერთდებოდა აქციებს. ეს ყოველთვის ყველას ინდივიდუალური არჩევანი იყო. მოლოდინი, რომ ჩვენ გამოვალთ და პარტიულ პოზიციას დავაფიქსირებთ, მცდარი იყო. ძალიან მაინტერესებს პოლიტიკური აქციები. აქციებზე სულ დავდივარ და ახლაც მაინტერესებს, რას მოიმოქმედებენ ჩემი კოლეგა ოპოზიციონერები. რას იყვირებენ ტრიბუნიდან და ა.შ. მე არ მაქვს განსაკუთრებული ოპტიმიზმი და მივიჩნევ, რომ ბევრ რაღაცაში ეს აქცია შეცდომაა. მათ შორის იმ გაუგებრობის ნაწილში, რომელიც იდეებს და მიზნებს ეხება. ერთი, ერთს ამბობს, მეორე, მეორეს. მაინც საინტერესოა, რა მოხდება. გარკვეულ დროს აქციაზე გავატარებ, რომ დავაკვირდე პროცესებს“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

რაქვიაშვილის თქმით, აქციაზე დასაკვირვებლად მიდის.

„არავის არ უნდა დავუმტკიცო ამ სამყაროში, რომ მე ევროინტეგრაციის მომხრე ვარ. საჯარო პერსონას ასეთი რაღაცები არ სჭირდება. ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი რიგით ამომრჩევლისთვის, რომელსაც უნდა თავის პოზიციის დაფიქსირება და ამ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ამის საჭიროება არ მაქვს. ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. სიტყვით გამოსვლას არ ვაპირებ და პირველ რიგში, დასაკვირვებლად მივდივარ. რა მოხდება იქ და რამდენად საინტერესო იქნება, ვნახოთ.

ჩვენი ოფისიდან მარტო მე ჩავალ. ჩვენი მხარდამჭერები ზოგი მიდის, ზოგი არ მიდის. ჩვენს ჯგუფშიც რამდენიმე დღეა ამაზე გაცხარებული დისკუსიები მიდის“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.