სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი დღეს განახლდება
სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება.
საუბარია სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე, სადაც გამოძიება მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულების შეწყალებისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
22 დეკემბრის სხდომაზე მოსამართლეს პროცესის გადადების მოთხოვნით სააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა მიმართა და მიზეზად მისთვის მიცემული ვადა დაასახელა. სოფიო გოგლიჩიძის თქმით, დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად დრო მცირე და არაგონივრული იყო.
სააკაშვილის სახაზინო ადვოკატი სხდომის 12 იანვრამდე გადადებას ითხოვდა. საქალაქო სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სხდომა 3 იანვრამდე გადადო.
სახაზინო ადვოკატი საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც 13 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა დაქირავებული ადვოკატების აცილება მოითხოვა.
საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა და ადვოკატის შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ, შესაძლოა, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდეს.