სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილთან იზოლატორში შესვლას გეგმავს
სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილთან იზოლატორში შესვლას გეგმავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი დაკავებულ მიხეილ სააკაშვილთან იზოლატორში შესვლას გეგმავს.

ამის შესახებ უკრაინიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სანდრა რულოვსს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ჟურნალისტები ამ წუთებში ელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უკრაინის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ სააკაშვილის პროცესი კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, რადგან საქმეს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. სასამართლო პროცესის ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლონ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერები აქციის გამართვას გეგმავენ. „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ გუშინ გამართულ აქციაზე მხარდამჭერებს მოუწოდა, სასამართლო პროცესზე მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ.

მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.

სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).

ფოტო: ირაკლი გედენიძე