სანდრა რულოვსი - ცხადია, ცოტნე გამსახურდიას დაჭრას პოლიტიკური სარჩული აქვს
სანდრა რულოვსი - ცხადია, ცოტნე გამსახურდიას დაჭრას პოლიტიკური სარჩული აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სანდრა რულოვსის განცხადებით, ცხადია, ცოტნე გამსახურდიას დაჭრას პოლიტიკური სარჩული აქვს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში განუცხადა, სადაც გამსახურდიას მოსანახულებლად მივიდა.

„დაახლოებით თქვენსავით ვიცი, რომ ცოტნეს ორი ოპერაცია გაუკეთდა და საკმაოდ მძიმედ არის. პოსტოპერაციული პერიოდი მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ კარგად გამოვა ამ მდგომარეობიდან. ის ძალიან ძლიერი ბიჭია. ცუდია, რაც მოხდა. ცხადია, ამას პოლიტიკური სარჩული აქვს. ძალიან ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ. ბოლო დღეებში ცუდად განვითარდა მოვლენები, მაგრამ არ მინდა, პესიმიზმში ჩავიძიროთ, რადგან ეს არის ის, რაც ვერ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. ცოტნეც უნდა გამოვიდეს. გვინდა, რომ ყველგან, თბილისშიც და რეგიონებშიც ხალხი ოპტიმისტურად იყოს. მოვა დრო, ამ ქვეყანაში უკეთესი განვითარება იქნება, რადგან ასე გაგრძელება ნამდვილად არ შეიძლება. ამ განუკითხაობაში, კრიმინალურ ვითარებასა და დაუსჯელობაში მიჭირს, მაგრამ მინდა, ოპტიმისტად დავრჩე“, – განაცხადა რულოვსმა.

ის არ გამორიცხავს, რომ ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმა მისივე კრიტიკული მოსაზრების გამო მომხდარიყო.

„ამას არ გამოვრიცხავ. თავად იტყვის, როცა მდგომარეობიდან გამოვა. ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც რამე დაინახა ან მოისმინა, მაგრამ ჩემთვის ცხადია, ზოგადად, დღევანდელ საქართველოში კლიმატია ასეთი, რომ დასასჯელია ის, ვისაც ოდნავ ოპოზიციური მიდგომა აქვს დღევანდელ პრორუსულ მთავრობასთან“, – განაცხადა რულოვსმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

გამსახურდიას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.