სამყაროს ყველაზე იდუმალმა ვარსკვლავმა კვლავ ჩაბნელება დაიწყო - არის თუ არა მიზეზი არამიწიერი ცივილიზაცია
სამყაროს ყველაზე იდუმალმა ვარსკვლავმა კვლავ ჩაბნელება დაიწყო - არის თუ არა მიზეზი არამიწიერი ცივილიზაცია

იდუმალი ციური სხეული, რომელსაც ტაბის ვარსკვლავს უწოდებენ, უკვე რამდენიმე წელია, ასტრონომებს საგონებელში აგდებს.

დროდადრო ამ ვარსკვლავს ახასიათებს სიკაშკაშის დრამატული ჩაბნელებები, მაგრამ უცნობია, რა განაპირობებს ამ ფენომენს.

წარმოიშვა უთვალავი შესაძლო ახსნა, დაწყებული „უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურით“, დამთავრებული უფრო ახალი ჰიპოთეზით, რომლის მიხედვითაც, ვარსკვლავის სინათლეს უბრალოდ მტვერი ბლოკავს.

რამდენიმე დღის წინ ჯგუფმა, რომელიც ტაბის ვარსკვლავს უწევს მონიტორინგს, განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, იგი ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე ჩაბნელდა. შესაბამისად, მეცნიერებს მისი კვლევის ახალი შანსი მიეცათ.

ტაბეთა ბოიაჯიანი, ასტროფიზიკოსი, რომლის პატივსაცემადაც ჰქვია ამ ვარსკვლავს ეს სახელი, აცხადებს, რომ ბოლო ჩაბნელება 16 მარტს დაიწყო.

ვარსკვლავის აქტივობის შესახებ გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში ბოიაჯიანი განმარტავს, რომ სიკაშკაშეში დაფიქსირებული ეს რყევა ყველაზე დრამატულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.


„სამწუხაროდ, ცუდი ამინდის გამო, პირველი რამდენიმე ღამე ვარსკვლავზე დაკვირვება ვერ შევძელით. ეს ჩაბნელება ყველაზე დიდია, 2013 წლის შემდეგ, რაც მას კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით ვაკვირდებით“, — წერს ბოიაჯიანი.

ტაბის ვარსკვლავის ოფიციალური სახელია KIC 8462852, მაგრამ ზეტმეტსახელი უწოდეს სწორედ ტაბეთა ბოიაჯიანის პატივსაცემად, რომელმაც 2015 წელს პირველმა დაიწყო მასზე დაკვირვება.

იმ ვარსკვლავთა უმეტესობა, რომელთა გარშემოც ეგზოპლანეტები მოძრაობენ, ბნელდება მხოლოდ რამდენიმე პროცენტით, მაგრამ KIC 8462852 ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში ბნელდება 20%-ზე მეტით. აღსანიშნავია, რომ იუპიტერის ზომის პლანეტასაც კი, დედავარსკვლავის სინათლის ჩაბნელება დაახლოებით 1%-ით შეუძლია.

თუმცა, მეცნიერები შეიძლება ძალიან ახლოს იყვნენ საიდუმლოს ამოხსნასთან.

წინა კვლევების ფარგლებში, ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ უცნაურ ჩაბნელებათა მიზეზი შესაძლოა, ე. წ. დაისონის სფერო იყოს — ჰიპოთეტიკური სტრუქტურა, რომელსაც შეიძლება მოწინავე არამიწიერი ცივილიზაცია თავისი დედავარსკვლავის ენერგიის შესაგროვებლად იყენებდეს.

ე.წ. დაისონის სფერო — მხატვრული წარმოდგენა. მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ფიზიკოსმა ფრიმენ დაისონმა ივარაუდა, რომ განვითარებადი ცივილიზაცია აუცილებლად მივა იქამდე, რომ დასჭირდება თავისი ვარსკვლავის მთელი ენერგია, რისთვისაც მშობლიურ მნათობს გიგანტური კოლექტორების წყების შიგნით მოაქცევს.

ტაბის ვარსკვლავის საიდუმლომ იმდენად შეძრა მრავალი ასტრომოყვარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ პროქტ Kickstarter-ზე დაყწებული კამპანიის ფარგლებში, კვლევებისთვის 1700-მა ადამიანმა 100 000$ შეაგროვა.

შედეგად, ტაბეთა ბოიაჯიანმა და მისმა კოლეგებმა ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ლას-კუმბრესის ობსერვატორიაში ახალი მონაცემები შეაგროვეს.

„ვარსკვლავის ჩაბნელების ყველაზე სავარაუდო მიზეზი მტვერია“, — ამბობს ბოიაჯიანი.

მისი თქმით, სინათლის სხვადასხვა ფერი სხვადასხვა ინტენსივობით იბლოკება. შესაბამისად, რაც არ უნდა მოძრაობდეს ამ ვარსკვლავსა და ჩვენ შორის, შუქგაუმტარი ნამდვილად არაა, როგორც ეს უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.

2016 წლის დეკემბერში, მეცნიერები ვარსკვლავზე აქტიურ დაკვირვებებს ლას-კუმბრესის ობსერვატორიიდან აწარმოებდნენ.

2017 წლის მაისიდან დაფიქსირდა ვარსკვლავის ჩაბნელების ოთხი სხვადასხვა ეპიზოდი.

„ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენ ვხედავთ წარსულის მოვლენას, რომელიც დაახლოებით 1500 წლის წინ მოხდა. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩაბნელება გამოწვეულია რაღაც ჩვეულებრივი კოსმოსური მოვლენით. თუმცა, ეს რაღაც მაინც იდუმალების ბურუსშია გახვეული“, — წერენ მკვლევრები The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

ვარსკვლავის კვლევას აწარმოებდა არიზონის უნივერსიტეტის ჯგუფიც. მონაცემები მათ Nasa-ს ორი ტელესკოპით, სვიფტითა და სპიტცერით შეაგროვეს.

როგორც მათ გაარკვიეს, ულტრაიისფერიდან ინფრაწითელ დიაპაზონამდე, ვარსკვლავი ტალღის ყველა სიგრძეში ბნელდებოდა.

მათ ასევე დაადგინეს, რომ ჩაბნელების მაჩვენებლები განსხვავდებოდა ულტარიისფერსა და ინფრაწითელს შორის.

ჯგუფის აზრით, არარეგულარულ ჩაბნელებათა მიზეზია მტვრის მიკრონაწილაკები და არა უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა.

ამჟამად მიმდინარე ჩაბნელება მკვლევართათვის კიდევ ერთი საუკეთესო შანსია, რათა კიდევ უფრო მიუახლოვდნენ სამყაროს ყველაზე უცნაური ვარსკვლავის საიდუმლოს ამოხსნას. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ.

ტაბის ვარსკვლავსა და მის უცნაურ ქცევას ჩვენი ერთგული მკითხველი წლებია კარგად იცნობს. ტრადიციულად 1tv.ge უახლეს ცნობებს ოპერატიულად შემოგთავაზებთ.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით