სამთო-ტექნოლოგიების სპეციალისტი - მინდელის შახტის ტრაგედია აფეთქების ბრალია, ნათლად ჩანს დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი
სამთო-ტექნოლოგიების სპეციალისტი, ასოცირებული პროფესორი გელა მაჩაიძე აცხადებს, რომ წინასწარი ანალიზით, მინდელის შახტში, სადაც დაახლოებით ორი კვირის წინ ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაუდევრობასა და არაპროფესიონალიზმს ჰქონდა ადგილი.
მინდელის შახტში შემთხვევასთან დაკავშირებით სამთო-ტექნოლოგიების სპეციალისტებმა დღეს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს.
„დეტალურად არ არის დადგენილი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ რასაც წინასწარ გავეცანი, ეს არის სიტუაციური ნახაზი, სადაც ნათლად ჩანს დაუდევრობა, არაპროფესიონალიზმი, აფეთქებითი სამუშაოების არასწორად ჩატარება, პერსონალის უსაფრთხო ზონაში არ გაყვანა. გასულ კვირაში მომხდარი ტრაგედია, შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, რომ არის აფეთქების ბრალი, აქ დამწვრობა, ასევე, ტემპერატურის კვალი აშკარაა“, – განაცხადა გელა მაჩაიძემ.
ამასთან, ასოცირებული პროფესორი შახტების დახურვა-კონსერვაციის წინააღმდეგია.
„უნდა მუშაობდეს ვენტილაციისა და უსაფრთხოების, ასევე, წყალქცევის უბნები, სალამპე, იქ დასაქმებული ხალხის 30-40 პროცენტი, რომელიც უსაფრთხოებას ემსახურება სისტემატურად უნდა მუშაობდეს და შახტს აკონტროლებდეს“, – აცხადებს ასოცირებული პროფესორი.
მისი შეფასებით, აღნიშნული გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ამასთან, გელა მაჩაიძის განმარტებით, ტყიბულის ნახშირები თვითწვისადმი მიდრეკილ ნახშირებს განეკუთვნება.
„ტყიბულის ნახშირები მიეკუთვნება თვითწვისადმი მიდრეკილებად ნახშირებს. როდესაც მოპოვების პროცესი არ მიმდინარეობს, ნახშირებზე ჟანგბადი მოქმედებს, იჟანგება, მისი შინაგანი ტემპერატურა იზრდება, გარდაიქცევა თვითწვაში და შემდეგ ენდოგენურ ხანძარში, რამაც შეიძლება მეთანის აფეთქება გამოიწვიოს და ძალიან დიდი უბედურება მოჰყვეს. ეს ყველაფერი იმართება უშუალოდ ექსპლუატაციის პროცესში, როდესაც მუშა აკვირდება, ზომავს, ანიავებს და იღებს ზომებს თვითწვის, სამთო დარტყმებისა თუ გამოტყორცნების წინააღმდეგ“, – განაცხადა ასოცირებულმა პროფესორმა.
მისი თქმით, დღევანდელი სამუშაო შეხვედრა „საქართველოს სამთო-საზოგადოებამ“ გამართა, რომელშიც აღნიშნული სფეროს ყველა პროფესიონალია გაერთიანებული. სამთო-გეოლოგიური დარგის სპეციალისტებმა ორგანიზაცია „საქართველოს სამთო საზოგადოება“-ს სახელით, რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელსაც მთავრობას გაუგზავნიან.