გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რუსთავის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება – განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 15 იანვარს რუსთავში, ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ადმინისტრაციულ შენობაში გენერალ სამსონ ქუთათელაძესთან ერთად შევიდა, რომელთანაც მას დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირება ჰქონდა.

უწყების ცნობით, შენობაში ბრალდებულსა და სამსონ ქუთათელაძეს შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მოხდა შელაპარაკება, რის შემდეგაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამსონ ქუთათელაძეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შენობა დატოვა. ქუთათელაძე მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.