ადვოკატის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები საქართველოს უმრავლესობისთვის გმირები არიან
ადვოკატის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ ოფისზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები საქართველოს უმრავლესობისთვის გმირები არიან

„თბილისი პრაიდის“ ოფისზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებულები საქართველოს უმრავლესობისთვის გმირები არიან.

სხდომაზე, სადაც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ადვოკატმა მოსამართლეს ლოიალურობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„როდესაც ეს ამბები მოხდა, ტელევიზიები ძალიან დატვირთვით მუშაობდნენ. მან იცოდა, რომ მისი კადრები არსებობდა, იცოდა რომ ეს შეიძლება დასჯადი ყოფილიყო და მიმალვა რომ სდომებოდა, აქამდე არ მიიმალებოდა? თან სხვა ბრალდებულების სასამართლოზე იყო და სოლიდარობას უცხადებდა მათ. პატივცემულო მოსამართლევ, გადაამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია, იცნობდნენ თუ არა ეს ადამიანები ერთმანეთს, რა ჯგუფურ დანაშაულზეა საუბარი. კადრებშიც ჩანს, რომ ეს ადამიანი არ შეჭრილა ოფისში. შეგვიძლია რეესტრიდან ამოვიღოთ ინფორმაცია, რომ ეს აივანი არ ეკუთვნის იმ ოფისს. ამ ადამიანების ციხეში გაშვება უფრო დაძაბავს სიტუაციას. საქართველოს უმრავლესობისთვის ეს ადამიანები არიან გმირები. სოციალურ ქსელშიც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ყველასთვის უმჯობესი იქნება, ამ ხალხის მიმართ სასამართლო იყოს ლოიალური“, – განაცხადა ბრალდებულ გიორგი ოძელაშვილის ადვოკატმა, ანა ჟღენტმა.

თავად ბრალდებული გიორგი ოძელაშვილი კი აცხადებს, რომ მას ოფისი არ დაურბევია, მხოლოდ ლგბტ დროშა ჩამოხსნა.

„არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია. დროშა ავიღე, სხვა დანაშაული არ ჩამიდენია. ხელით დავეჯახე შუშას, ხელი გავიჭერი, შიგნით შევედი და გადავიბანე. ვცდილობდით კარიდან გავსულიყავით და რომ ვერ გავედით, ისევ აივნიდან ჩამოვედით. იმის გარდა, რომ ლგბტ დროშა ჩამოვხსენით და საქართველოს დროშა ჩამოვკიდეთ, სხვა დანაშაული არ ჩაგვიდენია და ავანაზღაურებთ“, – განაცხადა ბრალდებულმა გიორგი ოძელაშვილმა.