სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპული მეტყევეების ოჯახებს შესაძლოა, ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნოთ
სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპული მეტყევეების ოჯახებს შესაძლოა, ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნოთ

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომლების ოჯახებს, შესაძლოა, ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაუნიშნონ.

საუბარია პირებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება.

აღნიშნულს საქართველოს პარლამენტის რამდენიმე წევრის, მათ შორის კახაბერ კუჭავას, ოთარ დანელიას, ზაზა ხუციშვილისა და ენძელა მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე – ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, კანონი მიმდინარე წლის ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „ჩამოთვლილ პირთა სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებულ რისკებთან და საფრთხეებთან. აღნიშნულის მაგალითია საქართველოს ტყეებში გასულ წელს შექმნილი საგანგებო სიტუაცია ხანძრებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ მეტყევეების გარეშე შეუძლებელია ხანძრის ჩაქრობა და რომ არა მათი თავდაუზოგავი შრომა, ზიანის მასშტაბი კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე საქართველოს ტყის ფონდმა განიცადა ამ ბოლო პერიოდის მანძილზე“.

ამასთან, კანონპროექტის ავტორების განცხადებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს ბუნების დამცველების დაღუპვის ფაქტები არ არის ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც სამხედრო ოპერაციებისას დაღუპული ჯარისკაცებისა.

მათი მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ იქნა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს 5 თანამშრომელი. კანონპროექტი ითვალისწინებს კომპენსაციის დანიშვნას კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ შემთხვევებზეც.

კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.