სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება
სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილებების თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, შიდახანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგებისთვის, ელექტროდანადგარებისთვის, ელექტროტექნიკური პროდუქტებისა და ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.

ასევე კანონპროექტის თანახმად, შენობა-ნაგებობაში საევაკუაციო გზებისთვის, საევაკუაციო და ავარიული გასასვლელებისთვის, ხანძრის ავტომატური ჩაქრობის, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის, ევაკუაციის მართვისა და კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 5000 ლარამდე ოდენობით.

ამასთან, ინიციატივით, დამამზადებლის (მომწოდებლის) მიერ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციაში ამ ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის ხანძარსაშიშროების მაჩვენებლების შესახებ ან მათ გამოყენებისას მისაღები სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის შეტანის მოვალეობის შეუსრულებლობა, თუ აღნიშნულ დოკუმენტაციაში ასეთი ინფორმაციის შეტანა სავალდებულოა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, ცვლილებების მიხედვით, შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის და შენობა-ნაგებობიდან გასასვლელებისათვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ასევე, პროექტის თანახმად, კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 5000 ლარიდან 10000 ლარამდე.

კანონპროექტის მიხედვით, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ასევე ინიციატივის თანახმად, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისთვის გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა ან დადგენილი წესით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმითა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმით გათვალისწინებული სიტუაციებზე რეაგირება ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციის ზონაში დაგვიანებით გაგზავნა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

ამავე ინიციატივით, წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრატების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.